
აფხაზეთი
აფხაზეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს ავთონომიური რესპუბლიკის სახელით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის.ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008წლის რუსეთ–საქართველოს ომის შემდგომ იმართება მარიონეტული დე–ფაქტო ხელისუფლების მიერ. მისი დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა და სხვადასხვა გარიგებების სანაცვლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო–ზემო სვანეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.
აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი, ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა–დალი. აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. ადმინისტრაციული ცენტრი – სოხუმი.
რელიეფი
გეომორფოლოგიურად აფხაზეთი ძირითადად მთაგორიანი რეგიონია. დაახლოებით 74% მთებსა და მთისწინეთს უჭირავს, დანარჩენი — ვაკე-დაბლობებს. მთიან ნაწილში სტრუქტურულ-დენუდაციური ქედები და მათ შორის მოქცეული ტექტონიკურ-ეროზიული ხეობები ჭარბობს. ქედებიდან უდიდესია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადაჭიმული კავკასიონისმთავარი წყალგამყოფი ქედი. ქედის მთავარი მწვერვალებია: აგეფსთა (3257 მ), ფსიში (3970 მ), ერწახვი (3910 მ), დომბაიულგენი (4046 მ), გვანდრა (3985 მ). ასევე კლუხორისა (2781 მ) და მარუხის (2746 მ) უღელტეხილები. ქედის ამგებელ კამბრიულისწინა კრისტალურ და პალეოზოურ მეტამორფულ ქანებზე ძველი და თანამედროვე მყინვარული ფორმებით მდიდარი ალპური რელიეფი სჭარბობს. მთავარი ქედი ციცაბოდ ეშვება მდინარეების საკენის, ჩხალთისა და ბზიფის ტექტონურ-ეროზიული ხეობებისაკენ. აფხაზეთის მთიანი შუა ნაწილი უჭირავს კავკასიონის გვერდით ქედებს: გაგრის, ბზიფის, კოდორისა და სვანეთ-აფხაზეთის ქედებს, რომლებსაც თავის მხრივ, მრავალი განშტოება აქვთ. გაგრის მერიდიანულ ქედზე, რომელიც მდინარეების გაგრიფშისა და ჟოეკვარის ხეობებს ბზიფის ხეობისაგან გამოყოფს, უხვადაა განვითარებული რელიეფის კარსტული ფორმები. აფხაზეთის თითქმის ცენტრალური ნაწილი ბზიფის სუბგანედურ ქედს (მწვ. კაპიშისტრა 3156 მ) მდინარეების კოდორის, ხიფსთის, ააფსთის, გუმისთის, კელასურისა და ბზიფის აუზების წყალგამყოფს უჭირავს. ქედის დასავლეთ ნაწილი კირქვებითაა აგებული და რელიეფის კარსტული ფორმებით ხასიათდება, აღმოსავლეთი ნაწილი პორფირიტულია, ჭარბობს მთა-ხეობათა ეროზიული და გლაციალური ფორმები. აფხაზეთის შუა, მთიანი ზოლის აღმოსავლეთი ნაწილი მდინარეების კოდორისა და ენგურის ღრმა ხეობებს შორის აღმართულ კოდორისა და სვანეთ—აფხაზეთის ქედებს უჭირავს. მწვერვალი ხოჯალის (3309 მ) დასავლეთით მდებარე კოდორის ქედი შედარებით დაბალია და თანამედროვე მყინვარებს მოკლებული. მწვერვალ ხოჯალის ჩრდილო-აღმოსავლეთით აზიდული სვანეთ-აფხაზეთის ქედი კი გაცილებით მაღალია (მწვერვალები მოგუაშირხა - 3847 მ, ხარიხრა - 3710 მ) და მარადი თოვლითა და მყინვარებით არის დაფარული. ამ ქედის ყველაზე მოხერხებული უღელტეხილია ხიდა (2633 მ), რომელიც აფხაზეთს ზემო სვანეთთან აკავშირებს. სვანეთ-აფხაზეთის ქედი ტიპური ალპური რელიეფით ხასიათდება, კოდორის ქედს კი უმეტესად ნაზი რელიეფი აქვს. აქ უკიდურეს დასავლეთ კირქვულ ნაწილში კარსტული რელიეფია განვითარებული.
მთიანი აფხაზეთი გამოირჩევა ზედაპირის ეროზიული დანაწევრების დიდი სიღრმით. გასწვრივი ტექტონურ-ეროზიული ხეობები შედარებით განიერი და დამრეცია, განივი კი ვიწრო და დახრილი. ბევრგანაა კანიონი და კლდეკარი. აფხაზეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე გადაჭიმულია რთული აგებულების მთისწინეთის ზოლი, რომელიც მკვეთრად დანაწევრებული გორაკ-ბორცვიანი, სერებიანი და ტაფობებიანი რელიეფით გამოირჩევა. გავრცელებულია რელიეფის ტექტონურ-ეროზიული, კარსტული და მეწყრული ფორმები, აგრეთვე ზღვიური და მდინარული ტერასები. მთისწინეთში გამოიყოფა კირქვებით აგებული კარსტული (გაგრის, ახალი ათონის, სოხუმის, წებელდის) და არაკარსტული, ზოგან დამეწყრილი (განთიადის, მიუსერის, ეშერის და სხვა) უბნები. მთისწინეთს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ აკრავს ალუვიური ვაკე-დაბლობები, რომლებიც ზღვისაგან დიუნებით არის გამოყოფილი. სოხუმის ჩრდილო-დასავლეთით ვაკე-დაბლობს მცირე ტერიტორია უჭირავს, სამხრეთ აღმოსავლეთით კი თანდათანობით განვითარდება (სამურზაყანოს დაბლობი). აფხაზეთის სანაპირო ზოლი სწორხაზოვანია. აღსანიშნავია სოხუმისა და გაგრის უბეები, ბიჭვინთისა და სოხუმის კონცხები.
გეოლოგიური აგებულება და სასარგებლო წიაღისეული
აფხაზეთი მოიცავს კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ნაოჭა სისტემისა და საქართველოს ბელტის დასავლეთ ნაწილების სტრუქტურებს. აქ წარმოდგენილია კამბიულისწინა, პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური ასაკის ქანები. კამბიულისწინ მეტამორფოზული ქანები ტერიტორიულად ჩრდილოეთ ნაწილშია გაშიშვლებული. პალეოზოური ასაკის ქანები - მეტამორფული ფიქლები , გრანიტოიდები, იშვიათად მარმარილო - გაშიშლებულია აგრეთვე ჩრდილოეთ ნაწილში, კავკასიონზე. ეს ქანები ინტენსიურად დეფორმირებული და დაწყვეტილია. მდინარეების ბზიფისა და კოდორის სათავეები ძირითადად ძლიერ დანაოჭებული ქვედაიურული შავი თიხაფიქლებითა და შუაიურული ვულკანური ქანებითაა აგებული. შუაიურული ასაკისაა აგრეთვე ქალაქ ტყვარჩელის მიდამოები, მდინარეების ფსოუსა და ბზიფის აუზების ქვანახშირის შემცვლელი თიხები და ქვიშაქვები. ზედაიურული ასაკის ქანები უმთავრესად რიფული კირქვებით არის წარმოდგენილი და აფხაზეთის ცენტრალურ ნაწილშია გავრცელებული. აღმოსავლეთით კირქვებს ცვლის თაბაშირიანი ფერადი თიხები და ქვიშაქვები, ხოლო ჩრდილოეთით თიხები, ქვიშაქვები დათხელშრეებრივი კირქვები. აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში გავრცელებული ცარცული და პალეოცენურ-ეოცენური ქანები ძირითადად კირქვებით და მერგელებით არის წარმოდგენილი, ხოლო ოლიგოცენური და ნეოგენური ასაკის ნალექები - ქვიშაქვებით, თიხებით და კონგლომერატებით. ეს უკანასკნელი შედგება კავკასიონის ამგებელი ქანების გადანარეცხი მასალებისაგან. აფხაზეთის სამხრეთ ნაწილში ზედაიურული, ცარცული, პალეოგენური და ნეოგენური ასაკის ქანები სუსტად არის დანაოჭებული. აფხაზეთი გეოლოგიურ აგებულებაში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს მეზოზოური ასაკის მაგმურ ქანებს (კარდივაჩის, სანჩარის, ლაბის, კელასურისა და გორაფის გრანიტოიდები და დიორიტები; ზედაიურული ასაკის დიაბაზის შრეძარღვები).
აფხაზეთის წიაღისეულიდან აღსანიშნავია ტყვარჩელისა და ბზიფის ქვანახშირის საბადოები, მდინარე ბზიფის სათავეში ვერცხლისწყლის საბადო. ბევრგანაა ტყვიის, თუთიის, სპილენძისა და სხვა ლითონების მადანგამოვლინებები. არალითონური წიაღისეულიდან გვხვდება ძირითადად ბარიტი (ბზიფის, კოდორის, მოქვისა და ააფსთის ხეობებში) და თაბაშირი, ხოლო საშენი და შესამოსი მასალიდან კირქვა, სააგურე თიხა, სერპენტინიტი, დიაბაზი და დიორიტი. განსაკუთრებით უხვად არის სამკურნალო მინერალური წყლები-ნახშირორჟანგიანი მინერალური წყაროები მდინარეების კოდორის, საკენის, გვანდრის, ჩხალთის ბზიფის, ავადჰარისა და სხვა ხეობებში, ხოლო თერმული სამკურნალო წყლები ტყვარჩელის, სოხუმის, ახალი ათონისა და გაგრის მიდამოებში.
ჰავა
აფხაზეთში ჰავის ტიპები სიმაღლებრივი ზონების სახითაა გავრცელებული: ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავა თბილი ზამთრითა და ცხელი ზაფხულით (ზ. დ. 300-400 მ-მდე); ნოტიო ჰავა ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი თბილი ზაფხულით (300-400 მ--დან 1000-1100 მ-მდე); ნოტიო ჰავა ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით (1000-1100 მ-იდან 2000-2100 მ-მდე); მაღალმთის ნოტიო და გრილი ჰავა (2000-2100 მ-იდან 2800-2900 მ-მდე) და მაღალმთის ნივალური ჰავა (2800-2900 მ ზევით). ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა ვაკედაბლობზე 13.9-იდან 15 °C-მდე მერყეობს, გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში არის 13-14 °C, ხოლო მთებში, 2600 მ სიმაღლეზე, 0 °C; აფხაზეთის კავკასიონის უფრო მაღალ მთებში -9, -10 °C-მდე ეცემა. ყველაზე თბილი თვის (ივლისი-აგვისტო) საშუალო ტემპერატურა უმაღლეს მტებზე 0 °C-ზე დაბალია, სოხუმში კი 24.5 °C აღწევს. ყველაზე ცივი თვის საშუალო ტემპერატურა სანაპიროზე 6 °C არემატება. 500-600 მ-მდე იანვრის საშუალო ტემპერატურა ყველგან 0 მაღალია, ამიტომ იგი სუბტროპიკულ სარტყელს მიეკუთვნება. ზემოთ ტემპერატურა კლებულობს და აფხაზეთის კავკასიონის თხემზე -18, -19 °C-მდე ეცემა. ჰაერის აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურაა 40-იდან 10-15 °C-მდე, აბსოლუტური მინიმალური შესაბამისად -13-დან -35 °C-მდე. მკვეთრია ტემპერატურის რყევა მთათაშუა ქვაბულებში, სადაც აღნიშნება ტემპერატურული ინვერსიები. 500-600 მ სიმაღლეზე აქტიური სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა 200 დღემდე გრძელდება, ხოლო 10 °C-ზე მაღალი ტემპერეტურათა ჯამი 3000-3500° აღწევს, რაც სავსებით საკმარისია ბუნებრივი და კულტურული სუბტროპიკული მცენარეებისათვის. აფხაზეთი მდიდარია ატმოსფერული ნალექებით, მაგრამ იგი არათანაბრადაა განაწილებული როგორც ცალკეულ რაიონებს შორის, ისე წლის სეზონების მიხედვით. სანაპირო ზოლში საშუალოდ წლიურად 1310 მმ-იდან 1500-1550 მმ-მდე ნალექი მოდის. მთისწინეთსა და მთებში ნალექების რაოდენობა მატულობს: დურიფში (250 მ) - 1980 მმ, გაგრის ქედზე (1644 მ) - 2280 მმ, ავადჰარარაში (1600 მ) - 2480 მმ; ბზიფისა და კოდორის ქედების სამხრეთ კალთებზე 3000 მმ აღემატება. შედარებით ნაკლები ნალექი მოდის მთათაშორის ქვაბულებში (1500-1800 მმ). ნალექების მაქსიმუმი ზამთარშია მინიმუმი ზაფხულში. ამ მხრივ იგი ხმელთაშუა ზღვის ჰავის ტიპს ემსგავსება, ზამთარში ნალექების მნიშვნელოვანი ნაწილი თოვლის სახით მოდის. თოვლის საფარის სისქე ზღვისპირა ზოლში 10 სმ, მთებში კი 2-4 მ-ზე მეტია.
შიგა წყლები
აფხაზეთის მდინარეთა ქსელი ხშირია. მთავარი მდინარეები კოდორი, ბზიფი, ღალიძგა, გუმისთა მოქვი და სხვები მიეკუთვნებიან შავი ზღვის აუზს. სასაზღვრო მდინარეებია ენგური და ფსოუ. მდინარეებზე ბევრი წყალვარნილი და ჭორომია, ახასიათებთ სწრაფი დინება, შესართავებთან ქმნიან მცირე დელტებს. მთავარი მდინარეები შერეული საზრდოობისაა: ზ. დ. 2000 მ-მდე უმთავრესად წვიმის წყლით, ზემოთ - თოვლისა და ყინულის დნობის წყლით. მიწისქვეშა წყლებით საზრდოობის როლი დიდია კარსტულ ზონაში. დონეების მაქსიმუმი გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისშია, მინიმუმი - ზამთარში. დროგამოშვებით იცის წყალმოვარდნები. შედარებით მუდმივი დომით გამოირჩევიან კარსტული მიწისქვეშა მდინარეები. აფხაზეთში ბევრი ტბაა: რიწა, ადუედა, აძიჟი, დერიკვარაძიში, ყვარაში, პატარა რიწა, ამტყელი, ცისფერი ტბა და სხვა. ისინი მაღალ მთებშია განლაგებული, უმეტესად მყინვარული და კარსტული წარმოშობისაა. ზღვისპირა ვაკე დაბლობზე ლაგუნური (ინკითის, ბებესირის, პაპანწყვილის) და ნამდინარევი ტბებია. ზოგი ტბა დონისა და სარკის ფართობის მკვეთრი ცვლილებადობით ხასიათდება. ტბების ნაწილი მდიდარია იქთიოფაუნით. ზღვისპირა ვაკე-დაბლობზე არის ჭაობები, რომელთა ნაწილი ამოშრობილია ან ამოშრობის პროცესშია. აფხაზეთის მაღალმთიან ნაწილში 376 მყინვარია (ფართობი დაახლოებით 70 კმ²), რომელთაგან მხოლოდ ხუთია პირველი თანრიგის.
ნიადაგები
აფხაზეთის ზღვისპირა ვაკედაბლობებზე ალუვიური და ჭაობიანი ნიადაგები ჭარბობს. ჭარბტენიან ვაკე-დაბლობებზე ჭაობიანი და ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგებია, რომლებიც ტიპიურად გამოხატულიაგალის რაიონის ზღვისპირაზოლში. უკეთ დრენირებულ დამრეც ვაკე-დაბლობებზე ეწერი და ალუვიური კარბონატული ნიადაგებია გაბატონებული. გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში ვულკანოგენური ქანების გამოფიტვის პროდუქტებზე, ყვითელმიწები და წითელმიწებია, კირქვებისა და მერგელების გამოფიტვის პროდუქტებზე - ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგები. ეს ნიადაგები ხელსაყრელია ჩაის, ციტრუსების, ვაზისა და სხვა კულტურებისათვის. აფხაზეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყეების ნიადაგებს უკავიათ. ისინი ქვედა, კირქვებით აგებულ, ზონაში წარმოდგენილია ნეშომპალა-კარბონატული, ხოლო არაკირქვულ ზონაში - საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგებით. ზედა ზონაში ტყის ზედა სარტყელის კორბონატული ან ღია და გაეწრებული ტყის ყომრალი ნიადაგებია. სუბალბურ ზონაში კორდიანი და კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგებია, ხოლო ალპური მდელოების ზონაში - პრიმიტიული, მცირე სისქის კორდიან-ტორფიანი მთის მდელოს ნიადაგები. მცირე უბნების სახით თითქმის ყველა ზონაში გვხვდება ძლიერ ჩამორეცხილი და სუსტად განვითარებული ნიადაგები.
ცხოველთა სამყარო
აფხაზეთის ტერიტორიაზე გვხვდება როგორც ბარისა და მთის ტყის, ისე მაღლმთის ცხოველთა სახეობები. სუბალპურ და ალპურ მდელოებზე ბინადრობს ჯიხვი და არჩვი, რიწის ტყეებში ცხოვრობს კავკასიური ირემი. მრავალგანაა შველი, გარეული ღორი. XX საუკუნის დასაწყისში მოისპო კავკასიური დომბა. ფართოდაა გავრცელებული მგელი, ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა (თეთრყელა და ყვითელყელა), დედოფალა; ზოგან გვხვდება წვავი, ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში - ევროპული წაულა. ტყეებში ბინადრობს მურა დათვი, ფოცხვერი და ტყის კატა. ახლო წარსულში იყო ამიერკავკასიური ჯიქიც. ბევრია კურდღელი, კავკასიური ციყვი, ალთაური ციყვი (აკლიმატიზებულია), ძილგუდა ტყის დათვი, ყვითელყელა თაგვი, ჩია თაგვი, ბუჩქნარისა და ჩვეულებრივი მემინდვრია, აკლიმატიზებულია ნუტრია. მრავალგანაა ცხვირნალა, მღამიობი, პონტური ზღარბი, თეთრმუცელა კბილთეთრა, დიდი კბილთეთრა და სხვა.
ფრინველებიდან მაღალ მთებში ბინადრობს კავკასიური შურთხი, კავასიური როჭო, მაღრანი, ალპური ჭკა, ბევრია მწყერი, ტყის ქათამი, ყურყუმელა, იხვი, თოლია, ყანჩა ოფოფი, ნამგალა, ძერა, ქორი, მიმინო, არწივი, ორბი, ბატკანძერი, ბუ, ზარნაშო, ყვავი, ყორანი, მოლაღური, სკვინჩა და სხვა.
ქვეწარმავლებიდან გვხდება ხვლიკი, ბოხმეჭა, სპილენძა, გრძელი მცურავი, კავკასიური გველგესლა, ჭაობის კუ და სხვა.
ამფიბიებიდან: გომბეშო, ტყის ბაყაყი, ვასაკა, ტრიტონი დასხვა.
მდინარეებსა და ტბებში არის კალმახი, კოლხური წვერა, კოლხური ღორჯო, მურწა, ლოქო, გამბუზია. ზოგ მდინარეში შავი ზღვიდან შედის რაგული, სვია, ატლანტური ზუთხი, ფორეჯი და სხვა.
ბევრია მწერი, მორიელი, ობობასნაირი, კიბოსნაირი, მოლუსკი და სხვა.
აფხაზეთში ფაუნისა და ფლორის დასაცავად შექმნილია რიწის, ბიჭვინთისა და მიუსერის ნაკრძალები.