რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე — მხარე დასავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულ–გეოგრაფიული პროვინციების რაჭის, ლეჩხუმის და სვანეთის (ნაწილობრივ) ტერიტორიებს.
ადგილობრივი მმართველობა
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული. მისი ფუნქციებია უზრუნველყოს რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაცია, რესურსების მობილიზება, ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების ორგანიზება, ინვესტიციების მოზიდვისა და რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სხვა.
მხარეში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელდება წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა) ორგანოების მიერ შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით. მხარის ადმინისტრაციული ერთეულებია: რაიონის გამგეობა — 4, სოფლის საკრებულოები — 56. საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება ონის რაიონის 2 საკრებულოზე (ყოფილი ჯავის რაიონის ნაწილი).
მხარეში სახელმწიფო მმართველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული.
რაჭა
შემთხვევითი ხასიათის აღმოჩენები, რომლებსაც ადგილი აქვთ მთის რაჭაში, აშკარად უჩვენებენ, რომ ღებში, ჭიორასა და გლოლაში ადამიანს უცხოვრია ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში, რამდენიმე საუკუნით ქრისტეს წინ. მხოლოდ მძივები და ერთის ბრინჯაოს სამაჯური ინახება საქართველოს მუზეუმის არქეოლოგიურ განყოფილებაში №18—26&1. შემდეგ, ფრიად საყურადღებოა აგრეთვე 1928 წელს სოფ. ღებში, ადგილ „შოშეთში“ აღმოჩენილი ბრინჯაოს ბალთა, რომელიც მიცვალებულს წელზე ჰქონია.
არქეოლოგიური თვალსაზრისით საყურადღებო, აგრეთვე, ჭიორის მიდამოში მდებარე ადგილი „შხროლი“, სადაც ჩნდება უფრო გვიანდელი დროის, ქრისტიანობის ხანის, სხვადასხვა ნივთები და სამკაულები. ერთი სიტყვით, ამ მცირეოდენი არქეოლოგიური აღმოჩენების მიხედვით მაინც ირკვევა, რომ მთის რაჭა უძველესი დროიდან დასახლებული ყოფილა, მაგრამ ამ მოსახლეობის ვინაობის გამორკვევა ჯერჯერობით მეტად ძნელია. მხოლოდ შემდეგში, როგორც ეს ისტორიული ცნობებიდან და გეოგრაფიული სახელების ნომენკლატურიდან ირკვევა, დღევანდელი მთის რაჭის ტერიტორიაზე სვანური მოსახლეობა გავრცელებულა და კავკასიონის მთელი ეს კუთხე XV საუკუნის პირველ ნახევარში სვანეთს ჰკუთვნებია.
რაჭული მოსახლეობა დამკვიდრებულა უმთავრესად სამ სოფელში: ღებში, ჭიორასა და გლოლაში, სადაც დღესაც ბინადრობენ. სვანური ყოფის დამასახიათებელი ძველი ნაშთები დღეს აქ უკვე მოსპობილია, დარჩენილია მხოლოდ ერთი სვანური, „მურყვამის“ ტიპის კოშკი სოფ. ღებში, რომელიც გამოყენებულია სამლოცველოდ და ეწოდება „დედა ღვთისა“. ამასთანავე, გამქრალია სვანური ადათ-ჩვეულებების და რწმენის ნაშთებიც. აღსანიშნავია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ მიუხედავად ისტორიულ მოვლენათა ამ ფაქტისა, ჩვენ აქ არ ვხედავთ ორი ყოფის—სვანურისა და რაჭულის—გადაჯვარედინებას და არც მათ ასიმილაციას. რაჭველებს, დროისა და ადგილის მიუხედავად, დღემდე დაუცავთ წმინდა რაჭული კილო, ყოფა-ცხოვრება და რწმენა. კავკასიონის მთავარ ქედსა და შოდა-კედელას ქედს შუა მოქცეული მთიულეთის რაჭის ფეოდალების ხელში გადასვლიდან ღებში, ჭიორასა და გლოლაში ვრცელდება რაჭული მოსახლეობა და სვანურის ნაცვლად მყარდება რაჭული ყოფა-ცხოვრება.
კულტურა
რაჭაში ბევრი ეკლესია და ნაეკლესიარი, ციხე და ნაციხარია აღრიცხული. რაჭველები ცნობილი ხელოსნები იყვნენ. XI საუკუნეში ნიკორწმინდის დაწერილის მიხედვით რაჭასა და მის მეზობელ არგვეთში მრავლად უშენებიათ ორ-სამსართულიანი სახლები, რომელის ქვედა ქვითკირით ამოშენებული სარდული ბოსლად და ფარეხად იყო გამოყენებული. საცხოვრებლად გამოიყენებოდა მეორე და მესამე, ხისგან აშენებული სართულები, რომლებსაც „სენა“ და „ქორედი“ ეწოდებოდა. მარნის შენობებს მუხის ხისგან აგებდნენ.
რაჭველებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ჩრდილო-კავკასიელ მთიელებთან. ისინი ერთმანეთს შვილებს უგზავნიდნენ აღსაზრდელად, რათა მეზობელთა ენა და წეს-ჩვეულება ესწავლათ. ეს მათ ერთმანეთთან ურთიერთობას უადვილებდა. ამ წეს-ჩვეულებას რაჭველები „კერძ-მოკეთეობას“ უწოდებდნენ.
ეკონომიკა
რაჭაში მოჰყავდათ საგაზაფხულო და საშემოდგომო ხორბალი, ქერი და შვრია. ეს ორი კულტურა უფრო მაღალ სოფლებში იყო გავრცელებული. დიდი ადგილი ეკავა მევენახეობას. მევენახეობა-მეღვინეობა ქვემო რაჭაში იყო წამყვანი, ზემო რაჭაში კი ასეთი იყო მესაქონლეობა. რაჭველთა ყოფაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ღორის მოვლა-მოშენებას. განსაკუთრებით უვლიდნენ სალორე ღორებს. დამარილებული ღორის ხორცი კვამლში გამოჰყავდათ და იღებდნენ რაჭული ლორს, რომელიც მთელ საქართველოშია ცნობილი. რაჭველები ეწეოდნენ საქონლით ვაჭრობასაც. ოჯახები 50-70 ადამიანისგან შედგებოდა.
სოფელი წედისი რკინის მადნის მოპოვებითა და რკინის დამუშავებით იყო ცნობილი. რაჭაში შემუშავებული იყო ადგილობრივ რელიეფურ პირობებთან შეგუებული სახვნელი იარაღი, რომელიც ნიადაგს ისე ამუშავებდა, რომ მის გამოფიტვა-დაცურებას გამორიცხავდა.
რაჭის მოსახლეობისთვის ტრადიციული იყო გარე სამუშაოებზე სიარული, რასაც ისინი „მოსაგებში“ წასვლას უწოდებდნენ. გარე სამუშაოებზე ისინი გვიან შემოდგომიდან გაზაფხულამდე მიდიოდნენ. XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან გარე სამუშაოებზე სიარული გასცდა საქართველოს ფარგლებს, მიდიოდნენ ჩრდილო კავკასიაში და უფრო შორსაც. ჩრდილოეთში წასული ბევრი რაჭველი უკან აღარ დაბრუნდა და იქვე დარჩა.
ლეჩხუმი
ლეჩხუმს დასავლეთით სამეგრელოსაგან ყოფდა ასხის მთის მასივი, ჩრდილოეთით სვანეთისაგან — ლეჩხუმის ქედი, აღმოსავლეთით რაჭისაგან —მდინარე ასკისწყალი, მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე კი თავშავის ქედის სამხრეთი კალთები, სამხრეთით იმერეთისაგან — მდინარე ლეხიდარისმარცხენა ნაპირის გასწვრივ მდებარე სერი და ხვამლის მთის მასივი. მოქცეულია მდინარეების ცხენისწყლის, რიონისა და ლაჯანურის ხეობებში. ლეჩხუმი, მსგავსად რაჭისა, მთის კალთებზე და გორაკ-ბორცვებზეა შეფენილი.
ლეჩხუმში ადამიანის ცხოვრების კვალი ნეოლითის ხანიდანაა დამოწმებული. არქეოლოგიური მონაპოვარით კარგად არის აგრეთვე წარმოდგენილი გვიანდელი ბრინჯაოს ხანა. ანტიკურ ხანაში ლეჩხუმი უკვე მჭიდროდ დასახლებული რეგიონი იყო. უძველეს წყაროებში რეგიონს სარკინეთი ეწოდება. ლაზიკის სამეფოს ხანაში კი სკვიმნია. უცხოურ წყაროებში პირველად მოიხსენიება VI საუკუნეში (პროკოპი კესარიელი) სკვიმნიას სახელწოდებით (სწორედ ეგრისის სამეფოში შემავალი ცალკეული რეგიონის სახით). მისი ცენტრი ძველი დროიდან იყო ციხე-ქალაქი ცაგერი. ამ დროს მას ერისთავი მართავდა, რომელიც ეგრისის მეფეს ექვემდებარებოდა. სკვიმნების ძირრითადი საქმიანობა მემინდვრეობა იყო. მათ შორის ეს კუთხე ცნობილი იყო თავისი მეღვინეობით და მეტალურგიული ცენტრებით. X-XII საუკუნეებში არსებობდა თაკვერის საერისთავო. XIII-XIV საუკუნეში მოხდა თაკვერის ჩანაცვლება ლეჩხუმით. სიტყვა ლეჩხუმი პირველად XV საუკუნის ბოლოსაა ნახსენები. მისი სავაჭრო-ეკონომიური ცენტრი იყო ლაილაში. იმერეთის სამეფოს წარმოქმნის (XV ს.) შემდეგ ლეჩხუმი მის შემადგენლობაში შევიდა როგორც სამეფო დომენი. ლეჩხუმი ყველაზე მცირე პოლიტიკური ერთეული იყო დასავლეთ საქართველოში. თუმცა აქ უამრავი ციხე-სიმაგრე არსებობდა და ომიანობისას იმერეთის მესვეურნი სწორედ მას აფარებდნენ თავს და აქ მაგრდებოდნენ მომძლავრებული მტრის წინაამღდეგ. ლეჩხუმის მმართველთა მთავარ ციხეებს ეწოდება მურის ციხეები. რიონის ხეობაში იმერეთიდან გამოსასვლელ გზას ეს ციხეები იცავდნენ. სამ კომპლექსად სიგრძეზე გაშლილი სიმაგრეთა სისტემის სახელები იყო- "დაუხვდი", "ჰკა მაგას" და "არ გაუშვა". XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმში თავი იჩინა მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, გაჩნდა თანამდებობა — ტიტული ლეჩხუმის თავი. XVII საუკუნის II ნახევრიდან ლეჩხუმელი ძლიერი აზნაურები შეეცადნენ შეექმნათ ცალკე სათავადოები. ამ მხრივ გარკვეულ წარმატებას მიაღწია ინასარიძეთა საგვარეულომ. შემდგომში ლეჩხუმს მთლიანად ჩიქოვანთა ფეოდალური საგვარეულო დაეუფლა. 1680-იანი წლებიდან ლეჩხუმი დაემორჩილა სამეგრელოს სამთავროს. 1714 წელს, მას შემდეგ, რაც ლეჩხუმს გამგებელი ბეჟან I დადიანი სამეგრელოს მთავარი გახდა, ლეჩხუმი სამეგრელოს სამთავროს ერთ ნაწილად იქცა, ამიერიდან მას დადიანებისდანიშნული სარდალმოურავი განაგებდა. ოდიშის ეკონომიკასა და სამხედრო საქმეში ეს პატარა მხარე საკმაოდ დიდ როლს ასრულებდა. მას შეეძლო საკმაოდ ბევრი სამეურნეო პროდუქციის წარმოება, ხოლო ოდიშის ხუთი ათასიან მხედრობაში ორი ათასი მუდამ ლეჩხუმის ლაშქარს წარმოადგენდა. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე იმერეთის მეფე სოლომონ II შეეცადა ლეჩხუმის დამორჩილებას, მაგრამ უშედეგოდ. სამეგრელოს სამთავროს რუსეთის იმპერიაში შესვლია შემდეგ ლეჩხუმის ტერიტორიაზე შეიქმნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული — ლეჩხუმის მაზრა.
ეკონომიკა
ბუნებრივი და კლიმატური პირობები ლეჩხუმში ბარის ტიპის მეურნეობას ქმნიდა. განვითარებული იყო მევენახეობა-მეღვინეობა, მემინდვრეობა და მესაქონლეობა. ლეჩხუმში ღვინო ბევრი მზადებოდა. ვაზის ცნობილი ჯიში უსახელოური ლეჩხუმის მხოლოდ რამდენიმე სოფელში მოდიოდა. XVII საუკუნეში ლეჩხუმელი გლეხები ნატურით იხდიდნენ ღომს, პურს, ცერცვს, ძროხას, ცხვარს, ტახს, ბატს, ქათამს, თევზს, სანთელს. ლეჩხუმში მოჰყავდათ მარცვლეული იფქლი, ზანდური, მახა. ზანდური და მახა ლეჩხუმისა და რაჭისთვის ენდემური ჯიშებია. მათ კრეფდნენ სპეციალური იარაღით – შნაკვით. მოგვიანებით ლეჩხუმში ფართოდ გავრცელდა სიმინდის კულტურა. მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მეხილეობას.
ლეჩხუმელები იყვნენ ცნობილი ხის ოსტატები, ქვის მთლელები და კალატოზები. ზოგჯერ მასალად ხმარობდნენ ვაზს, მათ შორის ხიდების ასაშენებლად. ლეჩხუმის სოფელ საირმეში ამზადებდნენ თიხის ჭურჭელს. აშენებდნენ ციხე-კოშკებს, რომელთაგან ზოგი დღესაც შემორჩენილია (მურის ციხე, ორბელის ციხე).