აჭარა
ვახტანგ გორგასლის დროს აჭარა სავარაუდოდ იგივე ტერიტორიულ საზღვრებშია მოქცეული როგორც, VIII საუკუნეში მაშინ, როდესაც იგი ბაგრატიონთა სამფლობელოს „ქართველთა სამეფოს“შემადგენლობაში იყო. ბიზანტიელი მწერლები მაგალითად კონსტანტინე პორფიროგენეტი (X ს.) მას იცნობს აჭარის სახელით, რომელიც აჭარას Αδραρἃ-თი იხსენიებს წერს, რომ აჭარა იყო ერთი იმ ოთხ საპრეფექტოთაგანი (ბერიაზახი, კარნატი, კუელი და თვით აჭარა), რომელნიც შეადგენდნენ სუმბატ კურაპალატის სამფლობელოს[2]. XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან, ზემო ქართლი და ლაზისტანი ჯაყელების ხელში გადავიდა.
XI საუკუნის მეორე ნახევრიდან აჭარა ერთიანი ფეოდალური საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ამ პერიოდში ზემო აჭარა კლარჯეთთან ერთად აბუსერიძეთა საერისთავოში შედიოდა და მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. XIII საუკუნის შუა წლებიდან აჭარა მის მეზობლად არსებული სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ერთ-ერთ საერისთავოს წარმოადგენს, მაგრამ XV საუკუნის შუა ყვარყვარე II ჯაყელმა აჭარა გადასცა გურიის მთავარს, რომელიც ეხმარებოდა, ერთიანი საქართველოს ბოლო მეფესთან, გიორგი VIII-სთან ბრძოლაში. ბრძოლა 1465 წელს გაიმართა. ყვარყვარე ათაბაგსა და გიორგი მეფეს შორის. ყვარყვარემ შველა და დახმარება სთხოვა კახაბერ გურიელს, რის სანაცვლოდაც საჩუქრად მისცა აჭარა და ჭანეთი.
ზემო აჭარისათვის დამახასიათებელია ჯარგვლისებური ხის სახლები, ან, როგორც აქ ეძახიან კონღები. კონღა იგივე საზაფხულო სოფელია. სოფლის შესასვლელში განმარტოებით დგას ხის დაბალი, მხარნახევრის სიმაღლე, ჯარგვალი, ორ-თვლიანი, რომელიც წარმოადგენდა სოფლის სასტუმროს. სასტუმროს ერთი თვალი ადამიანისთვი იყო, რომლის შიგნით იქეთ-აქეთ ფართო, მაგრამ ძალზე დაბალი (ერთი მტკაველი სიმაღლე) ტახტები იყო შეკრული, ხოლო შუაში მიწურზე ცეცხლი ენთო. მეორე თვალი-კი ცხენის დასაბმელად იყო მიდგმული.
აჭარული სახლი ორსართულიანია. ზედა სართულში ცხოვრობს ჯალაბი, ქვედაში — თავლა და ბოსელია ერთად. გარედან სახლს სიგრძე და სიგანე 4 მხარი აქვს. ფანჯრები იხურება დარაბებით. ზედა სართული სამ განყოფლებიანია. ერთი რომელიც ამავდროულად სასტუმროცაა, საჯალაბო იმავდროულად სამზარეულოცაა. იქეთ აქეთ დაბალი, მტკაველ-ნახევარის სიმაღლე ტახტებია მიკრული, განივრები, ცარიელი და ძალზედ შავი. ტახტებს შუა ქვედა სართულის ჭერზედ მიწა აყრია და კერა არის გამართული: ზემოდან საკიდელა ჰკიდია რკინისა, რომელზედაც საჭიროების დროს ქვაბებს კიდებდნენ. საჯალაბოში ქალია ბატონი, მამაკაცს შიგ შესვლა ეკრძალება. აქ ამზადებდა ქალი საჭმელს, აკეთებდა საოჯახო ხელსაქმეს და აქვე იძინებდა.
საჯალაბოდან დაბალ კარშია გასასვლელი და შევდივართ მესამე განყოფილებაში — სარძევეში. ეს ოთახი მარტო რძისათვის არის მიჩენილი და სარძევეც მაგიტომ დაერქვა. რძის ჭურჭელი ნაძვის მასალის იყო.
სოფლის მეურნეობა
მეფუტკრეობა აქ სოფლის მეურნეობის ერთ ერთი დარგია. მართალია ის ისევე არაა განვითარებული, როგორც მესაქონლეობა მაგრამ მოსახლეობა მაინც ინარჩუნებს მას. XX საუკუნის შუა ხანებამდე აჭარაში იყენებდნენ, გურია-სამეგრელოში არსებული სკების მსგავს: მეტრი-მეტრანახევარი სიგრძის ხის ძელი შუაზე იყო გაპობილი. ორივე ნაწილს გული ამოღრუტნული ჰქონდა. ეს ორი გულამოღებული ნახევარბოძი შეერთებულია. ქვეშიდან დასაჭერად თავსა და ბოლოში კაპიანი სარები ერჭოთ ხეზე დასაკიდებლად. სახლის გარდა ასეთი სკები ტყეშიც იდგმევა.
მეფუტკრეობას განსაკუთრებით მისდევენ მაღალმთიან აჭარაში.
რელიგია
საუკუნეების მანძილზე აჭარაში სარწმუნოება იმის და მიხედვით იცვლებოდა, თუ ვის გავლენის ქვეშ ექცეოდა აღნიშნული რეგიონი. აჭარლები, როგორც ქართლის სხვა კუთხე მისდევდა მრავალღმერთიანობას. I საუკუნეში ქრისტეს მოციქულების მიერ ქრისტიანობის ქადაგებიდან ის ნელ ნელა გადადიოდა ქრისტიანობის რჯულზე. წმინდა ნინოს დროს, როდესაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა აჭარა ქრისტიანობის ერთ ერთ კერად იქცა. მასში დაარსდა საეპისკოპოსოები და აშენდა არაერთი ეკლესია. მოგვიანებით ოსმალური იმპერიის მიერ რეგიონის ხელში ჩაგდებიდან, აჭარაში ფეხი მოიკიდა მუსულმანურმა სარწმუნოებამ. ვითარება შეიცვალა მას შემდეგ რაც რეგიონი რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა. მიუხედავად იმისა რომ რუსეთის იმპერიაში არ იდევნებოდა მუსულმანობა, ხელი ეწყობოდა ქრისტიანობის გავრცელებას. საბჭოთა პერიოდში, ათეიზმის გვრცელებასთან ერთად ხალხში მცირედ ანთებული ნაკვერჩხალი კიდევ უფრო შემცირდა. რეგიონი ითვლებოდა სასაზღვრო ტერიტორიად და იქ მისვლა მოსვლა გართულებული იყო. საბჭოთა წყობის დანგრევის შემდეგ ვითარება რელიგიის აღმსარებლობის თავისუფელბის კუთხით შეიცვალა. ქრისტიანულ მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დაიბრუნა თავისი საკულტო ნაგებობები, მუსულმანებმა ააშენეს ჯამეები თავიანთი მრევლისათვის. ასევე გააქტიურდნენ სხვა როგორც ტრადიციული ისე არატრადიციული რელიგიის მიმდევრები.